вторник, 27 октября 2009 г.

მოგონებები-ჟუჟუნა ვაშაგაშვილი

მუზის ოთახი მქონდეს სადმე...
მინი - დოსიე
ჟუჟუნა ვაშაგაშვილი
ზოდიაქოს ნიშანი - ტყუპები (ამ დროს მე ვიცნობ ზოდიაქოს ორ ადამიანს და ჩვენ არაფრით ვგავართ ერთმანეთს).
საყვარელი ქალაქები - გორი. პოზნანი (პოლონეთი).
საყვარელი მწერლები - კონსტანრინე გამსახურდია, ვიქტორ ჰიუგო და სხვ.
იდეალური პიროვნება - ...მზის ქვეშეთში არ არსებობს... ან მე არ მყავს.
ცხოვრების მიზანი – მართლად ყოფნა საკუთარ თავთან, ხალხთან, სამშობლოსთან, ღმერთთან.
ჰობი – ბუნებაში განმარტოება ეტიუდნიკთან ერთად... სოკოზე და ბალახ-ბულახზე ნადირობა.
საყვარელი საჭმელი – ბევრ ქინძ-ხახვთან ზეთში მოშუშული სოკო. საცივი.
ოცნება – მუზის ოთახი მქონდეს სადმე, განაპირას.
- როგორი ბავშვი იყავით და რას გაიხსენებდით ბავშვობის მოგონებებიდან?
- ერთხელ, მე და ჩემი დაიკო ლენა დაღლილები მოვედით შორი ვენახიდან. გვშიოდა. მარანში, დიდი ქვაბით დედას დამზადებული დოს შეჭამადი გვეგულებოდა. თურმე ღორს შეუნგრევია კარები და ჩვენი თანგირა ამოპირქვავებული დაგვხვდა. ლენა ღია აივანზე გაითხლიშა და უსაშველო ღრიალს მოჰყვა. მე ვიჯექი ჩუმად კუთხეში...
ჩემმა უფროსმა დამ – ჟენომ, ერბოკვერცხი მოწვა და ტაფა წინ დაუდგა. მან უფრო მოუმატა ღრიალლს. როცა ცოტა დაწყნარდა, ვიფიქრე, ახლა შეჭამს-მეთქი და მეც მივუჩოჩდი, რომ ჩემთვისაც ეჭმია. ამით გაღიზიანებული ისევ გაგორდა იატაკზე და ღრიალს ფეხების ტყაპა-ტყუპიც მოაყოლა. კვლავ გავჩოჩდი ჩემთვის და დაველოდე, როდის დაცხრებოდა, მაგრამ შემდეგ ცდაზეც იგივე განმეორდა. ავდექი (არ ვიცი, რამდენად წინასწარ) მოვიფიქრე, ჩავედი, სადაც ცეცხლს ვანთებდით ხოლმე, მუჭით ავიღე ნაცარი და მივუახლოვდი ჩემს დაიკოს, რომეკიც წამომჯდარიყო ტაფასთან: ლენი, ცოტა მაჭამე რა, - ვუჩურჩულე... ლენამ ბღრიალი განაახლა. მე ნაცარი ჩავუყარე... ის ისევ გადავარდა იატაკზე და ახლა რაღა გააჩუმებდა, რომ არა ჩვენი უფროსი დის მუქარა: ახლავე აივნიდან გადაგიშვებო...
ამ ამბის გახსენებაზე ახლაც გულიანად გვეცინება ხოლმე მე და ჩემს დაიკოს.
- როდის და ვინ აღმოაჩინა თქვენი პოეზიისა დამხატვრობის ნიჭი?
- მე-2 კლასში დიდი მოთხრობა დავწერე ,,რეჩი თქმული წიწილას საფლავზედ''; ეს მოთხრობა ჩემმა ძმამ ოთარიმ მეზობელ თანატოლ გოგოს – კატო დარბაიძეს წააკითხა... და სოფელმა ,,მწერალი'' შემარქვა... მანამდე კი ვხატავდი... სოფლის სკოლის დირექტორი გოგი ბაინდუროვი, მშობელთა კრებას ჰპირდებოდა, რომ ბოლომდე ყურადღებას არ მოაკლებდა ,,ჩემს გზას – მხატვრობისკენ''. ალბათ, ამით გათამამებულმა საბჭოს თავმჯდომარემ კედლის გაზეთში დამახატინა ერთი თანასოფლელი, რომელიც სამუშაოს თავს არიდებდა, ანუ გულგრილად ეკიდებოდა სოფლის საქმეს. ჩემს სურათში გამოკვეთილი ,,ზარმაცი'' იმდენად ჰგავდა ადრესატს, რომ კედლიდან ჩამოუხევია გაზეთი... რის გამოც 2 წლით თავისუფლებას დააშორეს...
მსგავსი შემთხვევა მქონდა N1 სკოლაში გადმოსულს, როცა კედლის გაზეთში (ისევ კედლის გაზეთში!) კლასელების თხოვნით დავხატე თანაკლასელი ვაჟი, რომელსაც შუბლზე ვარდისფერი ზოლი აჩნდა სისტემატურად, (თურმე, კაპრონის წინდას იცვამდა ხოლმე კულულების მოსარჯულებლად); აი, ეს ადამიანი დღემდე უმძრახად არის ჩემთან... ასე მდევდა ,,მწერლისა'' და ,,მხატვრის'' სახელი ჩემს უნებურად... სკოლიდან-სკოლამდე, ბანკიდან-ბანკამდე, სასწავლებლიდან ინსტიტუტამდე და ასე შემდეგ.
- რას გვეტყოდი თქვენი პროფესიული არჩევნის შესახებ?
- პროფესიამ, ალბათ, დედის მუცლიდანვე თავად ამიყოლა, არჩევანიც ასე გაკეთდა: უნდა მეხატა და უნდა მეწერა... უნდა ვყოფილიყავი მუზებისსადგომელი... ოღონდ, თავშესაფარი მუზებისა, არ უნდა მქონებოდა. მოლიპულ ქვაზე უნდა მეკეთებინა საკეთებელი, ასეთი ყოფა კი სრულყოფილების გარანტიას ვერავის მისცემდა, მითუმეტეს-მე.
- როგორი ხართ ამ წლების გადასახედიდან რომ შეაფასოთ თქვენივე პიროვნება?
- კვლავ შეყვარებული ვარ ადამის მოდგმაზე, ოღონდ ამჯერად ,,განდგომილების
განზომილებიდან''. ეპოქალურმა ანარეკლმა და მათით მოყენებულთა ტკივილთა ზიარებამ მყო ასეთად... ,,სადაც არა ჯობს, გაცვლა სჯობსო...''
- თქვენი მიღწევები და წარმატებები, რომლითაც დიდი სიხარული მიიღეთ?
- ვერ ვაღიარებ ჩემს თავს სიხარულების მემკვიდრედ, რადგან გზამ, ჩემი ცხოვრებისამ, ამის სრულყოფილ განცდას არ მაზიარა... იყო მიღწევებიც და წარმატებებიც, (უმადური სულაც არ ვარ!) მაგრამ ჩამოთვლისა მაინც მერიდება...
- როგორ უთავსებდით ოჯახსა და შემოქმედებით საქმიანობას ერთმანეთს?
- ოჯახი პირველადია, შემოქმედებამ კი ნება იბოძოს და მოთმინებით გვერძე მიბრძანდეს...
- როგორ ატარებდით თავისუფალ დროს? რამდენად გეხერხებათ სამზარეულოში ფუსფუსი?
-თავისუფალ დროზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. რაც შეეხება სამზარეულოში ფუსფუსს, არა თუ მეხერხება, არამედ მიყვარს. ბეღელი იყოს სავსე, თორემ...
- რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ემსახურებით თქვენი მოღვაწეობით?
- შემოქმედებითი საქმიანობა ჩემი თანდაყოლილი მოწოდებაა, რომლის უგულებელყოფა ჩემს ძალებს აღემატება. ხოლო, რამდენად მნიშვნელოვანია სხვათათვის, ამის შესახებ იმ ,,სხვამ'' უნდა თქვას. ჩემთვის კი იგი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ,,...ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს...''
- როგორც ქალი – შემოქმედი, ალბათ, ძალიან დიდი ტვირთია დღევანდელ ყოფაში ცხოვრება, თან, ამავე დროს ოჯახური საქმიანობა, შვილები, შვილიშვილები...
- დიახ... შემოქმედება ტვირთს წარმოადგენს მაშინ, როცა ხელები გექავება საღვაწად და ხოცავ სულის კარიბჭეზე თვალმობჯენილ მუზებს...
- თქვენი საყვარელი პატარა ლექსი .

- უ ც ხ ო ე თ ი
ვარ გამძლეობის აღვირებით ყელწაბოჭილი,
მუჭა ჰაერი მენატრება, ჩვენი, გორული.
ვდგავარ ძლიობით, ვით ლეღვის ხე წელში მოჭრილი
და უცხოეთი ჩემთვის, რა ვქნა, არის გომური.
ოი, უმადურს ნუ დამარქმევ შენ, მასპინძელო,
მადლობა მითქვამს, უცხოელს რომ მომიალერსე.
თვით უკვდავების წამალიც რომ გამომიწერო,
მაინც ვერ გავძლებ, გენაცვალე, გორის გარეშე.

გაზეთი"ლომჭაბუკი" 2008წლის #18

შეხვედრები საინტერესო ადამიანთან (ჟუჟუნა ვაშაგაშვილი)

1. 1963 წელს, ცხელი მკათათვის თვეში, ეფრემ ვერდის თუ დავუჯერებთ, თვის ერთადერთ რიცხვს ივნისის 18 ფათერაკიან და მარცხიან დღეს მერგო დაბადება. ჩემი სოფელი ქვეში მდებარეობს საერისთაო სანახებში, კერძოდ იკორთის სამხრეთ ნაწილში და გორის ჩრდილოეთის უკიდურეს წერტილში. გეგმით გაუთვალისწინებელი დაბადების გამო ( რადგან VII შვილი ვიყავი) დედაჩემი 1000 თუმნით დაუჯილდოებიათ. ამიტომ ბავშვობაში ,,1000 თუმანას'' მეძახდნენ.
მყავს ორი შვილი და ხუთი შვილისვილი. ზალიან მინდა კიდევ მყავდეს შვილიშვილი ბიჭი.
პირველად სამსახური დავიწყე კომბინატის გამომყვან ფაბრიკაში ქსოვილების მხატვრად, 1967 წლიდან 1992 წლამდე ვმუშაობდი გორის სამხატვრო საბავშვო სკოლაში პედაგოგად და სასწავლო ნაწილის გამგედ: შემდეგ მუშაობა მომიწია სტალინის სახლმუზეუმში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ისევ სამხატვრო სკოლაში და 1994 წელს მომიწია უცხოეთში გამგზავრება მიწვევით, როგორც მხატვარი. ამჟამად ვმუშაობ გორის საკრებულოს გაზეთში რედაქტორად. ბავშვობიდან ვწერ და ვხატავ, არც დღეს არ შემიწყვეტია ჩემი საყვარელი საქმიანობა.
ჩემი ოჯახი ყველა ქართული ტრადიციის გამზიარებელია
2. ჩემს ბავშვობას წინ უსწრებდა და თან დევდა დიდი ეპოქალური ძვრები, რაც თავისებურ გავლენას ახდენდა ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში. ძალიან უსიხარულო ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა თავმჯდომარედ მუშაობდა და სხვაზე უკეთესი პირობები გვქონდა, მაინც ქალამნებით დავდიოდი. პირველი ფეხსაცმელი VII კლასში მიყიდეს. ჩემთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება ხბორების მწყემსვა. ცელქი ბავშვი ვიყავი, სკოლაში აქტიური მოსწავლე. ბავშვობის ასაკიდან შემომრჩა ლექსისა და ხატვის სიყვარული. დიდი სიყვარული და პატივისცემა უფროსებისადმი, ბავშვები ხომ მიყვარს და მიყვარს. გასართობი დრო არ მქონდა.
ომის ბოლო წლები იყო. ომში აგზავნიდნე ასკილს და ასკილის შეგროვებას ბავშვებს გვავალებდნენ. წავედით ძალიან შორს. იქ მდინარე ჩამოდიოდა, რომელიც ძალიან ვიწრო და ღრმა იყო. ასკილის ბუჩქს რომ დავინახავდით გამარჯვებულები ვიყავით. ჩემმა დამ დაინახა ასკილის ბუჩქი, მოეხვია და იძახის ,,ეს ჩემი ბუჩქია''. უცებ მოწყდა ბუჩქი და ხევში ჩავარდა. ჩემი დაც თან ჩაიყოლა. ჩვენ ძალიან შეგვეშინდა. ხევამდე დიდი ლოდი ეგდო და იმან დაიჭირა. ბავშვები ერთმანეთს გადავებით და ძლივძლივობით ამოვიყვანეთ ზევით.
3. ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენს თაობებს შორის. პატარა ბედნიერებაც დიდი მასშტაბით გვახსოვს. ხასიათებშიც განსხვავებაა ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით, სკოლისათვის რაიმეს გაკეთება დიდ სიხარულს გვგვრიდა.
4. ყველაზე დიდი ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში იყო ჩემი შვილის პირველი წერილი დიდი ისტორიული ქალაქიდან ბრესტიდან. ზურა რომ ჯარში გაიწვიეს ავღანეთის ამბები ტრიალებდა.
ყველაზე მეტად გული მწყდება ჩემი მიზნის შეუსრულებლობაზე.
5. ,,ვეფხისტყაოსნიდან'' ყველა აფორიზმი მომწონს. ცხოვრებაში ვახორციელებ მეტნაკლებად. ზოგში ჩავჭრილვარ მოწიფულობის ასაკში.
6. რომ არ ყოფილიყო ხატვა, ჩემს მძიმე წუთებს ადვილად ვერ გადავიტანდი. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ვინმეს კარგს გავუკეთებ.
რაც არ მომწონს იმ ბილიკზე არ გავივლიდი, შევცვლიდი.
7. მეგობრები მყავს, რა თქმა უნდა. ნუნუ ოთარაშვილის თამადობით ბევრისგან მიგვრძნია სითბო, რომლითაც დადებითად ვიმუხტები.
მეგობრობა ის გრძნობაა, ურომლისოდაც კაცი ძალიან ღატაკი და ცარიელია.
მეგობარი ჩემთვის არის დიდი ნავსაყუდარი.
8. ბავშვობაშიც და ახლაც ძალიან მიყვარს ხატვა და წერა. მომღერლებიდან ჰამლეტ გონაშვილი და თამრიკო გვერდწითელი. ცეკვა ,,დაისი''.
9. ადამიანში ვაფასებ გულკეთილობას, პატიოსნებას, ერთგულებას, ყველა კარგ თვისებას.
ადამიანს ვერ ვაპატიებ ჭორიკნობას, მზაკვრობას, ვერაგობას, სამშობლოს რალატს.
10. ცხოვრება ჩემთვის არის ლამაზი ეკრანი, დავიღლები ავდგები და წავალ.
ჩემი პიროვნული მიზანი არის ბევრი დავხატო, წიგნი გამოვცე და რაც შეიძლება მეტი სითბო დავხარჯო.
11. წავშლიდი სამყაროს და ხელმეორედ დავხატავდი, ვულკანებს ავუკრძალავდი ბობოქრობას, მიწისძვრებს ვუბრძანებდი ამპლიტუდები შეეცვალათ. მდინარეებს ვუბრძანებდი კალაპოტებში ჩატევას;
ვასწავლიდი ადამიანებს დიდ სიყვარულს. ისეთ სამყაროს შევქმნიდი, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყვარებოდათ. რაც კი რამ კარგი არსებობს ყოფილიყოს თქვენი თაობისა. გისურვებთ ერთიან, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას.

“ჩვენი გაზეთი" #5 (თინიკო და სანდრო ონიაშვილები)

მოგონებებიდან
პირველი ორიანი მივიღე მე-3 კლასში, მათემათიკაში. ეზოში სასიმინდე ჯიხური გვედგა, ავიპარე იქ და იმდენი ვიტირე, რომ დაღლილს ჩამძინებია. მთელი დღის ძებნის შემდეგ ჩემს დას – ჟენოს აღმოუენივარ, როცა გაიგო, რაშიც იყო საქმე, აივანზე ხორბლის ამბარში ჩამამწყვდია, ერთინ ფიცარი ღიად დატოვა შუქისთვის და ჰაერისთვის, ჩამომიგდო ნტაბულა და მითხრა (დამემუქრა): ვიდრე არ დაიზეპირებ, არ ამოგიშვებო. დღის ბოლოს შემამოწმა და გამათავისუფლა. (ამ დისა ყველას რიდი ჰქონდა). ის ტაბულა დღესაც ვიცი, მაგრამ ჩემსა და მათამატიკას შორის მუდმივი ბზარი გაჩნდა, რომელმაც ქალაქის სკოლაში გადმოსვლისას ისე იჩინა თავი, რომ თვითმკვლელობას ძლივს გადავურჩი... არა და ყველა საგანში საუკეთესო ბავშვად ვითვლებოდი, მათემატიკას კი ვძულდი და მეც მძულდა მათემატიკა... ამ თემაზე დაწერილი მაქვს მოთხრობა, რომელსაც ჰქვია ,,შავი დაფა.”

მამაჩემი
სოფლის შუაგულში გვედგა დიდი, ორსართულიანი სახლი. ვიდრე მე სასკოლე გავხდებოდი, მამაჩემს ჩვენს სახლში გაუხსნია სკოლა. ჩემი და- ლენა საკუთარ სახლში სწავლობდა.
სოფელ ჯარიაშენში, სრესელების რძალი (ქვრივი, 1937 წელს დაუხვრიტეს მეუღლე), სოხუმელი ქალბატონი, ძალიან ლამაზი, რუსული ენის სპეციალისტი ეკატერინე კირთაძე ცხოვრობდა. მამაჩემს მისი ლოგინი აუკრავს, ცხენზე გადაუკიდია, ეკატერინეც, მისი უარის მიუხედავად, შემოუსვამს ცხენზე და ასე წამოუყვანია (თითქოს მოტაცებას ჰგავდა ,,მასწავლებელი-ლოგინია
ნად.”)
ამ ფაქტზე, მაღაროსკარის მეუფეს (თადეოზს) დაწერილი აქვს პოემა (,,პეტრე ვაშაგაშვილი”).

ასკილზე
ომიანობის წლებში სკოლები გადასული იყვნენ ასკილის შეგროვებაზე. მზადდებოდა ამანათები ჯარისკაცებისთვის. იგზავნებოდა სხვადასხვა მიმართულებით. ყველა ოჯახში ზრუნავდნენ: გროვდებოდა ჩურჩხელები, ჩირი... იქსოვებოდა წინდები და სხვა. ყველაზე კარგ მოსწავლედ ის ითვლებოდა, ვინც მეტ ასკილს შეაგროვებდა.
შემოფგომა იდგა. ქარქლი ქალამნები გვეცვა, მსუბუქად მივქროდით სოფლის განაპირაველებზე, სადაც ასკილის ბუჩქები გვეგულებოდა.
ჩვენი ჯგუფი (მანია, ნოდარი გენგიურები – დედაჩემის ძმიშვილები, მე და ჩემი და – ლენა) გავუდექით გზას ,,ბრმა ხევის” მიდამოებისაკენ. (ეს ხევი ძალზე ღრმა და ვიწრო იყო).
ლენამ შორიდანვე შენიშნა ასკილის ბუჩქი და ,,ჩემია, ჩემია”-ს ძახილით გაქანდა და დაახტა ბუჩქს. ბუჩქი ძირიანად მოქყდა და ჩემი დაიკოც თან გადაიყოლა ხევში.
დავიწყეთ ტირილი... ხევში დიდი ლოდი იყო შუაზე გახირული, ლენა იმ ლოდმა დაიჭირა ასკილის ბუჩქთან ერთად.
ნოდარი გაწვა ხევის პირას, მას მანია მოება ფეხებზე, მანიას – მე. ნოდარიმ მკლავები ჩააწვდინა და რის ვაივაგლახით ამოვათრიეთ აძაგძაგებული.
საღამომდე ბიძაშვილების სახლში გამოვშუშეთ ლენა და ვითომც არაფერიაო, გვიან დავბრუნდით ხელცარიელები ჩვენ სახლში, ვთქვით, რომ ასკილი მანიაანთან დავტოვეთ.